X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე-ბაკურციხე-წნორის მაგისტრალური გზის გახსნა მნიშვნელოვანია ქვეყნის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისათვის

31 ივლისი 2024

,,დღეს გაიხსნა გზა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ექნება როგორც კახეთის მოსახლეობისათვის, ისე ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისათვის. გილოცავთ, უმნიშვნელოვანესი პროექტის - ბაკურციხე-წნორის 18 კილომეტრიანი, 2 ზოლიანი, მაგისტრალური გზის გახსნას“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ კახეთის მაგისტრალური გზის  გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბაკურციხე-წნორის გზა, საერთაშორისო მაგისტრალური საგზაო მარშრუტის - თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვარი- შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

,,ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა კრიტიკულად აუცილებელი იყო. სატვირთო ავტომანქანების მიმოსვლა, ფაქტობრივად სოფლის საკარმიდამო ღობეებს შორის ხდებოდა შეფერხებით და არ იყო უზრუნველყოფილი საგზაო უსაფრთხოების სტანდარტები. ბაკურციხე-წნორის ახალი გზა  გვერდს უვლის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს: ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგას, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს,  ახალი გზა სრულად განტვირთავს დასახლებებში მოძრაობას, 2.5 ჯერ გაზრდის ავტოტრანსპორტის გამტარობას და თუ ძველ გზაზე გადაადგილება  30-40 წუთში იყო შესაძლებელი, ახალი საგზაო მონაკვეთის გავლას მხოლოდ 10 წუთი დასჭირდება“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უკვე დაგეგმილია წნორსა და 6 დასახლებაში გამავალი ძველი გზის სრული რეაბილიტაცია, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები.

ირაკლი ქარსელაძემ ხაზი გაუსვა, რომ ასევე ძალიან მნიშვნლოვანია ის მზარდი ტენდენცია, რომელიც საავტომობილო ნაკადებთან დაკავშირებით არსებობსსაგზაო ინტენსივობის ანალიზის მიხედვით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე ტრანზიტული მოძრაობა 2023 წელს 2019 წლის, ანუ პანდემიამდე პერიოდის მდგომარეობასთან შედარებით 135%-ით გაიზარდა და 2022 წლიდან ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება. შესაბამისად, ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა კრიტიკულად აუცილებელი იყო.

,,როდესაც კახეთის მაგისტრალის განვითარებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს სამუშაოების ის მაღალი ტემპი, რომელიც მიმდინარეობს თბილისი-საგარეჯოს 4 ზოლიანი მაგისტრალის 35 კმ-იან მონაკვეთზე, საიდანაც მაგისტრალის პირველი 4 კმ-იანი მონაკვეთი შარშან გაიხსნა, ხოლო მომდევნო 32 კმ-იან მონაკვეთებზე აქტიურად მიმდინარე სამუშაოები დასკვნით ფაზაშია და მოძრაობა წელს გაიხსნება. ასევე, მომავალ წელს გაიხსნება საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იან მონაკვეთიც, შეიძლება ითქვას, რომ კახეთის საგზაო მიმართულების 52 კმ-იან ყველაზე კრიტიკულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი ახალი გზით იმოძრავებს“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

თავის გამოსვლაში მინისტრმა აღნიშნა,  საერთო ჯამში, იგეგმება  85 კმ-იანი ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა ბაკურციხემდე

,,2021 წლიდან უკვე ვსარგებლობთ გურჯაანის შემოვლითი გზით, აშენდება 35.3 კმ მონაკვეთი გურჯაანის გზის გაგრძელება თელავამდე, 40 კმ-იანი მონაკვეთი ლაგოდეხამდე და ამ პირობებში, კახეთის მაგისტრალური გზებით თბილისიდან თელავამდე უკვე მხოლოდ 1 საათსა და 20 წუთში ჩავალთ“.

კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე საუბრისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა შარშან დასრულებული თიანეთი-ახმეტას 30 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცის მნიშვნელობას, რომელიც ორ რეგიონს აკავშირებს და მგზავრობა 2 საათის ნაცვლად 20 წუთშია შესაძლებელი. ასევე, გუმბათი-ხირსა-ენამთა-საბათლო-სამთაწყაროს 67 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას, ჩუმლაყი-ალავერდის 11 კმ-იანი გზას და  გომბორის 34 კმ-მდე გზის სრულ რეაბილიტაციას. მისივე თქმით, ასევე, დიდი მნიშვნელობისაა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ინტენსიური სამუშაოები, რომელიც თუშეთის გზის 65 კმ-იანი სარეაბილიტაციო მონაკვეთიდან 52 კმ-ზე მიმდინარეობს.

ქარსელაძის განცხადებით, მთელი კახეთის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 1 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები მიმდინარეობს.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს მინისტრმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მშენებელ და საზედამხედველო  კომპანიებს, ასევე საერთაშორისო პარტნიორს-აზიის განვითარების ბანკს და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა  საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში.